27 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
"განსხვავებას თუ ვერ ხედავთ, მაშინ პრობლემაა" - "ქართულმა ოცნებამ" ენმ-ს 2014 წლის რეზოლუციები გაახსენა

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობს. ოპოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მხარდაჭერას არ აპირებს იმის გამო, რომ რეზოლუციის ტექსტში არაა ნახსენები რუსეთი. რეზოლუციის მიღებას 51 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედავად ტექსტთან დაკავშირებული აზრთასხვადასხვაობისა, როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მრავალპარტიული რეზოლუციის მიღება პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოს იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

დღევანდელ სხდომაზე გაიხსენეს 2014 წელს მიღებული 2 რეზოლუცია, რომელიც ასევე უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობდა ყირიმის ანექსიის დროს. გიორგი ხელაშვილის თქმით, 2014 წლის მარტსა და სექტემბერში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებას არ ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობა". ახლა კი 8 წლის შემდეგ მათ  მიაჩნიათ, რომ მაშინდელი რეზოლუციები იყო ძალიან კარგი.

"დღეს წინააღმდეგნი არიან მხარი დაუჭირონ ახალ რეზოლუციას, რომელსაც დარწმუნებული ვარ მომავალში მოიხსენებენ, როგორც კარგ, ადეკვატურ და შესაძლებელია შორსმჭვრეტელურ რეზოლუციად," - განაცხადა  გიორგი ხელაშვილმა.

გასული წლების რეზოლუციებთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც. მან გაიხსენა, როგორც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების, ასევე კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის დაფიქსირებასთან დაკავშირებული კენჭისყრები და განაცხადა, რომ ორ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" სხდომას არ დაესწრო, ერთზე კი მხარდაჭერა არ გამოუცხადა.

"ესაა მათი ბექრაუნდი. ამ დარბაზში ისეთი ხალხიც აღმოჩნდა. რა განსხვავებაა 2014 წელსა და ახლანდელს შორისო, რა შეიცვალაო. მაშინ იყო დამთავრებული ყირიმის ამბები, დასრულებული ოკუპაცია,  დღეს მოსალოდნელი საფრთხეები გვიწერია რეზოლუციაში. ყველაფერს ვეთანხმებით ამ ერთის გარდაო.  2014 წელსა და ახლანდელს შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავთ, პრობლემაა მაშინ. პრიმიტიული ლოგიკის გატარებაა და პიარის წარმოებაა, რომ შეეშინდა ვიღაცას ამ ფრაზის ჩაწერა. მიზეზები იცით ამ დროს, მე მგონია და თუ არ იცით, უარესი პრობლემა გქონიათ," - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

 

დღის ამბები