27 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
საქართველომ ხმამაღალი და ძლიერი გზავნილები უნდა გააკეთოს ევროპაში, რომ რუსები ჯერ კიდევ აქ, საქართველოში არიან - ბენ ჰოჯესი

"საქართველომ ხმამაღალი, ცხადი და ძლიერი გზავნილები უნდა გააკეთოს ყველა ურწმუნოს მიმართ ევროპაში, რომ რუსები ჯერ კიდევ აქ, საქართველოში არიან" - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"რუსეთს არასდროს დაუხევია უკან. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ კრემლს სურს იმპერიის დაბრუნება, არა საბჭოთა კავშირის, არამედ იმპერიის. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პატარა ქვეყნის ხმა მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა ეუთო, გაერო, საერთაშორისო სასამართლოები. საჭიროა ყველგან ხმამაღლა საუბარი: "რუსეთო, შენ ხარ აგრესორი. შენ ეს განახორციელე ჩვენთან, ახლა ახორციელებ უკრაინაში!" და ამის გამო მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. საქართველომ ხმამაღალი, ცხადი და ძლიერი გზავნილები უნდა გააკეთოს ყველა ურწმუნოს მიმართ ევროპაში, რომ რუსები ჯერ კიდევ აქ, საქართველოში არიან, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის იმის უახლესი ეტაპი, რაც 2008 წელს დაიწყო. ისინი კავშირშია ერთმანეთთან," - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

შეხვედრაში ამერიკის ელჩიც მონაწილეობდა, კელი დეგნანის განცხადებით, ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას.

"საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის კრიტიკული დროა იმ საფრთხის გამო, რაც რუსეთიდან მოდის. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას," - აღნიშნა კელი დეგნანმა.

დღის ამბები