28 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
კოღოს ნაკბენისგან მამაკაცს აშშ-ში იშვიათი ვირუსი დაემართა - რა სიმპტომები აქვს ჯეიმსტაუნ-კანიონის ვირუსს

ამერიკის ერთ-ერთ შტატში კოღოს კბენის შემდეგ მამაკაცი იშვიათი ვირუსით დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაზარალებულ 60 წლის მამაკაცს მაისის თვეში ცხელება დაეწყო და ნევროლოგიური დარღვევები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსებმა გაარკვიეს, რომ ნიუ-ჯერსის შტატის მაცხოვრებელს ჯეიმსტაუნ-კანიონის ვირუსი აქვს - იშვიათი დაავადება, რომელიც კოღოთი ვრცელდება. კოღოები აღნიშნული დაავადებით ირმისგან და სხვა გარეული ცხოველებისგან ინფიცირდებიან.

ნიუ-ჯერსის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ, ან სუსტი ფორმით მიმდინარეობს, თუმცა იშვიათი შემთხვევების დროს, ვირუსი შესაძლოა ადამიანის ცენტრალური ნერვულ სისტემას შეეხოს.

იმ შემთხვევაში თუ დაავადება რთული ფორმით მიმდინარეობს, შესაძლოა ჰოსპიტალიზირება გახდეს საჭირო. ამასთან, ინფიცირებას, იშვიათად, თუმცა შესაძლოა ლეტალური დასასრულიც ჰქონდეს.

დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ჯეიმსტაუნ-კანიონის დაავადებით ინფიცირების საწყისი სიმპტომებია - სიცხე, თავის ტკივილი, დაღლილობა, ასევე ხველება, ყელის ტკივილი და სურდო. აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატები ან ვაქცინა არ არსებობს. CDC-ის განცხადებით, საუკეთესო გზა რათა ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, არის კოღოს კბენის თავიდან აცილება.

დღის ამბები