28 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ოპოზიცია პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს არ ენდობა

ოპოზიცია არ ენდობა პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომლის მიხედვითაც "ტვ პირველის" ეთერში გასული ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობდნენ, ფაბრიკაციაა. 

"დარწმუნებული ვარ, საზოგადოების არცერთ წარმომადგენელს არ სჯერა იმ ბრიფინგის შინაარსის. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძალიან აწუხებდათ ეს თემა, რომელიც რეალურად აჩვენებდა, რომ ბერა ივანიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ნამდვილად იყენებდნენ ასეთ გავლენებს ადამიანების დასასჯელად და ეს გრძელდება, ამიტომ გამოვიდნენ და შეთხზეს ეს სისულელეები," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილმა "იმედის"ეთერში გასული ინტერვიუს დროს თავად დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა. 

"პროკურატურისგან ამ ტიპის განცხადება და ისევ გადაბრალება წინა ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობაზე", კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად უპასუხისმგებლოა "ქართული ოცნება" და რამდენად არ შეუძლია ის, რაც გასაგებია მთელი საზოგადოებისთვის, ამაზე წესიერი გამოძიება აწარმოოს. ბერამ თვითონ აღიარა ამ ჩანაწერის ავთენტურობა,"- განაცხადა სამნიძემ. 

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი კი პროკურატურას მიმართავს კითხვით, რატომ არ ჩართო მან ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად საერთაშორისო ექსპერტიზის ბიურო, მეტი სანდოობის უზრუნველსაყოფად. 

"დღევანდელ განცხადებაზე შეიძლება ითქვას, რომ ბერას მოწმედ საკუთარი კუდი მოჰყავს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციებს მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლობა არ აქვთ და მისი დამფუძნებლისგან, ცხადია, რომ სანდოობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ, ჩვენი კითხვაა პროკურატურის მიმართ - რატომ არ იქნა ეს გათვალისწინებული და რატომ არ მოხდა ამ ჩანაწერის საერთაშორისო, ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და საერთაშორისო საგამოძიებო კომპონენტის შემოტანა,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები