28 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის პროექტზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა - რამდენიმეკვირიანი დავა დღესაც უშედეგოდ დასრულდა

ამნისტია კვლავ რჩება შარლ მიშელის დოკუმენტის აქილევსის ქუსლად. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს პროექტზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა. რამდენიმეკვირიანი დავა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დღესაც უშედეგოდ დასრულდა.

განხილვას ესწრებოდნენ 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული დემეტრე ნაყოფია და დაზარალებულთა ოჯახის წევრები.

ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა შალვა შავგულიძემ პროექტის ერთ-ერთ ავტორსა და ინიციატორს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს 20 ივნისის ამნისტიის სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლებით შემოფარგვლა და პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესთავაზა. ფრაქციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა კი ხაზგასმით განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული პროექტით დაუსჯელობას მწვანე შუქს უნთებს.

"20 ივნისი ისედაც ამნისტირებულია თქვენ მიერ," - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგები პოლიტიკურ კეკლუცობაში დაადანაშაულა და როგორც განაცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტზე მოლაპარაკებებისას ოპოზიციას 20 ივნისს დაზარალებულები არ გახსენებია.

"ჩვენ ამნისტიის მომხრე არ ვართ და ეს ამნისტია არ გვჭირდება, მაგრამ ხელმოწერილ შეთანხმებას ვასრულებთ. ახლა ცდილობთ დაგვაბრალოთ, თითქოს, 20 ივნისის ამნისტია ჩვენ გვინდა! გსურთ შეთანხმებიდან გასვლა და პასუხისმგებლობის არაღება იმაზე, რასაც ხელი მოაწერეთ. გეყოთ გამბედაობა და თქვით, რაზე აიღეთ პასუხისმგებლობა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის მიღებას აპროტესტებენ ამ დღის დაზარალებულები.

"თქვენ აქ მე მესმის, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებები გაქვთ პოლიტიკური და კი ბატონო, დაუპირისპირდით, მაგრამ ჩვენ როდის მოგვხედავთ?" - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

უთანხმოების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება იმ კანონპროექტის ვერსიას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა. ორივე მხარემ ერთმანეთს პოლიტკორექტულობა დაუწუნა. სიტუაციის გამწვავებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, რომ მანდატურის სამსახურს "ლელოს" წევრი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაეყვანა.

დღის ამბები