28 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ღია კაფეები წლის ბოლომდე იჯარისგან გათავისუფლდებიან, ბავშვთა გასართობ ცენტრებს კი მერია 5000-5000 ლარით დაეხმარება

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტმა პანდემიის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით გააკეთა.

მისი თქმით, ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან.

"პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა. ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დავხმარებოდით. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სივრცეები ჰქონდათ აღებული იჯარით. მათ მიეცათ შეღავათი, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლების სახით.

აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ, ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან," - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, დედაქალაქის მერის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადახდა და მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კახა კალაძემ ბავშვთა გასართობ ცენტრებზეც ისაუბრა, რომლებიც ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ პანდემიის გამო.

მისი თქმით, თბილისის მერიისგან დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია.

"ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. თქვენ იცით, ჩვენ რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური თანხები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს. რაც შეეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებს, ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და ყველაზე გვიან განაგრძეს მუშაობა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ 5 000-5 000 ლარით. სუბსიდიას ყველა ის სუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული.

პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენელებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული დეტალების გათვალისწინებით," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები