29 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
თუ ასე ნერვიულობენ, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ, ჯობია შეცვალონ პოზიცია - მამუკა მდინარაძე

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. საუბარია 49 დეპუტატზე. კენჭისყრა 2 თებერვალს მოხდება.

როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე ნერვიულობენ, აჯობებს ე.წ. გაბრაზებული პათოსით საუბარი შეწყვიტონ და საკუთარი პოზიცია შეცვალონ.

"განსხვავებული აზრები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ, იმიტომ, რომ მყარი არგუმენტია - მათ ეს სურთ. როგორც ჩანს ამაზე ძალიან ნერვიულობენ, ძალიან განიცდიან, სინამდვილეშიც ასეა, ჩვენ არა მხოლოდ ვარაუდის, არამედ ინფორმაციის დონეზეც შეგვიძლია ეს გითხრათ და თუ ასე ნერვიულობენ მაშინ ასეთი გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ, ჯობია გაიტანონ განცხადებები, შეცვალონ პოზიცია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იგივე პოზიციაზეა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ოპოზიციონერი დეპუტატების საბოლოო განცხადებებზეა დამოკიდებული.

"გადაწყვეტილებების მიღება დამოკიდებულია მათ განცხადებებზე და მათ საბოლოო პოზიციაზე. ირჩევენ ისინი გზას საბოტაჟის მიმართულებით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ აირჩიონ გზა დემოკრატიის სასარგებლოდ და ამით არ მიიწებონ იარლიყი, რომ ისინი არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიას ძირს უთხრიან, მაშინ ამ შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ მანდატებს და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები