თბილისში ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, "ტოიოტა პრიუსის" მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.
პოლიციამ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე, 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.
დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-სა და და ვ.მ.-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიების მიერ ნანახი და ამოღებულია 5 ავტომობილი.
დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.