29 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ საპარლამენტო პროცესში - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილს მიერ მანდატების დატოვების პროცესს გამოეხმაურა და მათ ქმედებას საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა უწოდა.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტში შესულ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საპარლამენტო პროცესში ჩაერთონ. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატის შეწყვეტის რეგლამენტით დადგენილი წესი განმარტა. 

"პანდემიის მიუხედავდ, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათ აირჩიეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, თუმცა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია ის, რომ საქართველოს პარლამენტს ემუშავა, ეს ყოფილიყო თანამშრომლობითი, მრავალპარტიული პარლამენტი. ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეების გადაწყვეტილებას, ხოლო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არ სცემს პატივს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას. თუმცა, მათივე კომენტარებიდან იკვეთება, რომ ეს მონაწილეობა სჭირდებათ მათაც, როგორც პოლიტიკურ პარტიებს და სჭირდებათ იმ ინტერესების დასაცავად, რომელიც მათ აწუხებთ და მიაჩნიათ მნიშვნელოვნად.

მინდა ვისარგებლო მომენტით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ჩაერთონ საპარლამენტო პროცესში.

გადაწყვეტილების მიღება მოხდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით. ოფიციალური მომართვების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს რეგლამენტით დადგენილი ვადა, როდესაც მათ უნდა გადაამოწმონ განცხადების შემომტანი პირების რეალური გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ წარედგინება ეს განცხადებები ბიუროს და პლენარულ სხდომას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები