29 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"მოხარული ვართ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს" - ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა გიგაურთან კომუნიკაცია შედგა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელისგან, ეკა გიგაურისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციას ხმების პარალელური დათვლა (PVT) არ ჩაუტარებია. ამასთან, ირაკლი კობახიძე მოხარულია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მონაცემები ოქმებთან დაკავშირებით ცესკოს მონაცემებს ემთხვევა.

"შედგა კომუნიკაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობებთან დაკავშირებით. 

მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ორგანიზაციას ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები.

მოხარული ვართ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს.

ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აქვს პარალელური დათვლის შედეგი, რომელსაც მალავს.

მის საპასუხოდ ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას PVT არ ჩაუტარებია, სტატიკური დამკვირვებლები ჰყავდათ 450 უბანზე და მათ მიერ მოპოვებული მონაცემები ოქმებთან დაკავშირებით ემთხვევა იმ ოქმებს, რომლებიც ატვირთულია ცესკოს საიტზე.

დღის ამბები