26 მარტი 2025,   04:45
ვრცლად
"ვინც ეს ომი დაიწყო, თავად უნდა დაამთავროს - საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც ომს ახანგრძლივებს " - ვოლოდიმირ ზელენსკი

შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კიდევ ერთი შეხვედრა იმართება დღეს საუდის არაბეთში. დასავლური მედია წერს, რომ მოლაპარაკებისას აქცენტი ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტაზე გაკეთდება.

შეხვედრებიდან რეალური შედეგის მოლოდინშია ამერიკული მხარე. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა სტიფ უიტკოფმა განაცხადა.

"სიბიეს ნიუსთან" საუბარში პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი კი ამბობს, რომ ისინი "ისე ახლოს არიან მშვიდობასთან, როგორც არასდროს".

შეხვედრა ერ რიადში უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გუშინაც გაიმართა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობს. რუსტემ უმეროვის განმარტებით, მომლაპარაკებელმა ჯგუფებმა ომის შეჩერების საკვანძო საკითხები განიხილეს, მათ შორის - იყო ენერგეტიკული სფეროც. შეხვედრის დეტალებზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც.

"საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის გუნდებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა, ამჯერად უფრო ტექნიკურ დონეზე. რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი სამხედროები, დიპლომატები და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენი გუნდი კონსტრუქციულად მუშაობს. დისკუსია საკმაოდ ნაყოფიერია. დელეგაციები გააგრძელებენ მუშაობას. აუცილებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეალური ბრძანება გასცეს თავდასხმების შეწყვეტის თაობაზე. ვინც ეს ომი დაიწყო, თავად უნდა დაამთავროს. ჯიდაში, საუდის არაბეთში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ, მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც ამ ომს ახანგრძლივებს. 11 მარტიდან არსებობს უპირობო ზავის წინადადება, რაც თავდასხმებს უკვე შეაჩერებდა. თუმცა რუსეთი განაგრძობს ამას. ყოველდღე და ყოველ ღამე ახორციელებს განსაკუთრებით ცინიკურ დარტყმებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები