
ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. მოლაპარაკებიდან გამოსული პოლიტიკოსების განმარტებით, საუბარი შექმნილ მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე იყო, რომელიც მათგან მნიშვნელოვან კოორდინაციას მოითხოვს.
განხილვის თემებად დასახელდა 31 მარტის საპროტესტო აქცია და მასში პოლიტიკური პარტიების როლი, ასევე - სალომე ზურაბიშვილის დღეიდან დაგეგმილი ევროპის ქვეყნებში ვიზიტები.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი საერთაშორისო მიმართულებაზე იქნება გაკეთებული.
"მთავარი არის კოორდინაციის საკითხი. საკითხები, რომელზეც შეიძლება ერთობლივი ნაბიჯები იქნას გადადგმული და სხვადასხვა მიმართულება განვიხილეთ, თუმცა, საბოლოოდ, ქალბატონი სალომე გამოაცხადებს გეგმას და ნაბიჯების ერთობლიობას, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით. განსაკუთრებული აქცენტი იქნება საერთაშორისო მიმართულებაზე. ვფიქრობ, კოორდინაციის საკმარისი რესურსია", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.