
თურქმა სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენეს.
ათასობით ადამიანი, უკვე მეხუთე დღეა, სტამბოლის მერის, ექრემ იმამ-ოღლუს დაპატიმრებას აპროტესტებს.
იმამ-ოღლუს ბრალი გუშინ ოფიციალურად რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. საუბარია კრიმინალური ორგანიზაციის მართვაზე, ქრთამის აღებაზე, გამოძალვაზე, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერი ქალაქის დასავლეთით მდებარე სილივრის ციხეში გადაიყვანეს.
მის დაპატიმრებას ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რასაც უარყოფს თურქეთის მთავრობა. ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს.