
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მესამე შეხვედრას გამართავს. განიხილავენ ბიზნესზე ზეწოლისა და ერთ-ერთი წამების საქმეს. საუბარია ბესო ხარძიანის საქმეზე.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კომისიის მიზანი სამართლიანობის აღდგენა არ არის.
"ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ე.წ. საგამოძიებო კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ემსახურება მთავარო მოვლენებიდან ყურადღების გადატანას, მაგრამ თვითონ კომისიის შექმნის მიზანი არის ის, რომ როგორმე გააქრონ მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა."
მინდა გითხრათ ხაზგასმით, ამ კომისიას ამ მიზნის შესრულება არ უწერია, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა არის არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ კონკრეტული დანაშაულების შესახებ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს.
შეგახსენებთ, კომისიამ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართოს.