14 მარტი 2025,   16:51
ვრცლად
"ნათლად ვხედავთ უკრაინის პოზიციას, ხოლო რუსეთის მხრიდან მიღებული სიგნალები დადებითია" - ტრამპი

ტრამპი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინის სიტყვები იმედისმომცემია და ახლა აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

მისივე განცხადებით, კრემლის ლიდერთან პირადი კომუნიკაციის დამყარება სურს.

"ამ მომენტში ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც რუსეთში მოლაპარაკებებს აწარმოებს. იქ არიან ჩვენი წარმომადგენლები — სტივ ვიტკოფი და სხვები — და ისინი ძალიან სერიოზულ დისკუსიებში არიან ჩართულნი. როგორც იცით, დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინამ სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა. ვიმედოვნებთ, რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ჩვენ ნათლად ვხედავთ უკრაინის პოზიციას, ხოლო რუსეთის მხრიდან მიღებული სიგნალები დადებითია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს ეხება — ჩვენ ხალხის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, არა ფულზე. თუმცა, როცა ფინანსებსაც გავითვალისწინებთ, ასობით მილიარდი დოლარი იხარჯება უსარგებლოდ და სრულიად ზედმეტად. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ჩვენ გვსურს, რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ ეს პროცესი ბრმად არ წაგვიყვანია — უკრაინასთან განვიხილეთ ტერიტორიები, რომლებიც შენარჩუნდება ან დაიკარგება, და საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა დეტალი. ეს მარტივი პროცესი არ არის. ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება იმედისმომცემია, თუმცა ის არ იყო სრულყოფილი. დიახ, მსურს მასთან შეხვედრა ან საუბარი, ეს სწრაფად უნდა დავასრულოთ. ყოველდღე ხალხი იღუპება. ეს ისე არაა, რომ აქ ვსხედვართ და მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა. დაფიქრდით ამაზე", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები