14 მარტი 2025,   16:46
ვრცლად
"პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ ომის გაგრძელება სურს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრემლის ლიდერს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს, სწორედ ამიტომ, ახლა მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის იდეას პირობებს უწესებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30-დღიანი ზავი იყო შანსი მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად და ომის დასრულების გეგმის შესადგენად.

"ჩვენ ყველამ ახლა მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი და მაღალ მანიპულაციური სიტყვები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის იდეის პასუხად. სინამდვილეში, ის უარის სათქმელად ემზადება. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ სურს ამ ომის გაგრძელება, რომ სურს უკრაინელების მკვლელობა. ამიტომ მოსკოვში ისინი ცეცხლის შეწყვეტის იდეას ახლა პირობებს უწესებენ, რათა საერთოდ არაფერი მოხდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს არ მოხდეს. იყო ამერიკული წინადადება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ ჰაერში, ზღვაზე და ფრონტის ხაზებზე. ჩვენ, უკრაინაში, ეს წინადადება მივიღეთ. ამერიკული მხრიდან გვესმის, რომ არსებობს მზაობა კონტროლისა და გადამოწმების ორგანიზებისთვის. ეს შესაძლებელია ამერიკის შესაძლებლობებითა და ევროპის რესურსებით. ცეცხლის შეწყვეტა დროს მოგვცემდა, რომ მოვამზადოთ პასუხები გრძელვადიან უსაფრთხოებასთან და ნამდვილ, საიმედო მშვიდობასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე, და მაგიდაზე დავდოთ ომის დასრულების გეგმა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პარალელურად, ომი გრძელდება უკრაინაში, გასულ ღამეს ხარკოვის ოლქზე სამი შეტევა განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 4 მცირეწლოვანია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღის ამბები