ისრაელსა და "ჰამასს" შორის დოჰაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზის სექტორში საჰაერო იერიშები გაგრძელდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ანკლავში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ანკლავში ომის დაწყებიდან დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობა 46,780-ს აჭარბებს.
ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება, ვიდრე ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს.
დოკუმენტზე ისრაელის პრემიერს ჯერ ხელი არ მოუწერია. თუკი ბენიამინ ნეთანიაჰუ არსებულ პირობებს მიიღებს და მინისტრთა კაბინეტში არსებულ წინააღმდეგობას დაძლევს, ომი ახლო აღმოსავლეთში, პირველ ეტაპზე, 42 დღით შეწყდება.
ისრაელის კაბინეტმა გადადო ხუთშაბათს კენჭისყრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რატიფიცირებისთვის და დღეს დანიშნა მორიგი შეხვედრა შეთანხმების დასამტკიცებლად.
კენჭისყრა გადაიდო "ჰამასთან" დავისა და შიდა უთანხმოების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციის ულტრამემარჯვენე წევრებთან, რომლებიც ბრძოლების დასრულებას ეწინააღმდეგებიან.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, კენჭისყრის გაჭიანურება ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას და პირველი სამი მძევლის გათავისუფლებას კვირიდან მინიმუმ ორშაბათამდე გადადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ სამფაზიანი შეთანხმება ძალაში კვირას შევა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის კაბინეტმა შეთანხმების რატიფიცირება შეაფერხა.