პრემიერ-მინისტრი იმ საერთაშორისო რეიტინგებზე საუბრობს, რომელშიც საქართველო ლიდერი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს. ეკონომიკის მიმართულებით არსებული ანგარიშები და პროგნოზები გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. გაეროს მონაცემებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8 მთელ 6 მეათედ პროცენტამდე გაუმჯობესდა. ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილს იკავებს. გაეროს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5 მთელი 4 მეათედი პროცენტით გაიზრდება.
გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, საქართველო ინფლაციის დაბალ ტემპს ინარჩუნებს. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში მსოფლიო ბანკმაც გამოაქვეყნა. წინასწარი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 6 პროცენტით, 2026 წელს კი 5 პროცენტით გაიზრდება. რაც შეეხება 2024 წელს, ანგარიშში წერია რომ ქვეყანამ გასული წელი 9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა.
რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკაზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეიტინგში გაწერილი ციფრები, ქვეყანაში არსებულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს.
საერთაშორისო რეიტინგების პარალელურად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.