ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება გაერთიანებულ სამეფოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კანონმდებლის ინიციატივაა, თუმცა მმართველი პარტიისთვის ეს არაფერს ცვლის. "ქართული ოცნების" შეფასებით, საკითხის დღის წესრიგში დაყენება საქართველოზე მეტად დიდი ბრიტანეთის, როგორც ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტს აზიანებს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების მოთხოვნა ე.წ. დიფ სთეითის გავლენების შედეგია.
ხელისუფლების ოპონენტების მოლოდინია, რომ თემთა პალატაში შესული შუამდგომლობა მხოლოდ ინიციატივად არ დარჩება. ოპოზიციას არგუმენტად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ივანიშვილისთვის უკვე დაწესებული სანქციები მოჰყავს და ამბობს, რომ ბრიტანეთი ყოველთვის ამერიკასთან კოორდინირებულად მოქმედებს.
ზეწოლის მორიგი მცდელობა ბიძინა ივანიშვილზე - ასე აფასებენ ბრიტანელი კანონმდებლების ინიციატივას მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების წინადადება მინიმუმ, მტკიცებულებებით გამყარებას საჭიროებს. იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებები 20 იანვრის შემდეგ შეიცვლება.
გაერთიანებულ სამეფოს სანქციები უკვე დაწესებული აქვს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის 4 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. ლიბერალ-დემოკრატი ჯეიმს მაკკლიარის ინიციატივის მიხედვით კი, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან ერთად, საუბარია დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზეც.