18 იანვარი 2025,   04:35
ვრცლად
მოსაწვევით თუ შეძენილი ბილეთით - ვინ როგორ დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და რატომ არ იქნებიან ღონისძიებაზე ოფიციალური პირები

ვინ როგორ დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას - მოსაწვევით თუ შეძენილი ბილეთით. ღონისძიებაზე მოხვედრა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი - ან პირადი მოწვევით, ან კონკრეტული თანხის სანაცვლოდაც. ინაუგურაციაზე დასწრებისთვის სასურველი ბილეთები სპეციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე იყიდება. ვებგვერდის ბმული პარტია "გირჩის" მხარდამჭერთა ჯგუფში დილიდან გავრცელდა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ადგილების ღირებულება 2-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან და რა რაკურსით სურს დამსწრეს ოფიციალურ ცერემონიას უყუროს.

სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ქართველი პოლიტიკოსები სწორედ შეძენილი ბილეთებით მოხვდებიან. უკვე შტატებში იმყოფებიან "ლელოს" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ცნობილია, რომ ჯო უილსონის მიწვევითაა, ხოლო "ლელოს" ლიდერების მასპინძლების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. საშუალო ფასის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციაზე დასასწრები ძვირადღირებული პაკეტებიც არსებობს.

შეძენილი ბილეთით ღონისძიებაში ლიდერების მონაწილეობას "ლელოში" გამორიცხავენ და ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. თუმცა არ აკონკრეტებენ როგორ მოხვდა პარტიის სამი ლიდერი ინაუგურაციაზე

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონში მიემგზავრება გიორგი ვაშაძეც, მისი თანაპარტიელები ამტკიცებენ, რომ თვითნებურად ღონისძიებაზე ვერავინ მოხვდება.

რატომ არ ესწრებიან ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას ოფიციალური პირები - ამ საკითხზე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინაიდან ინაუგურაცია ამერიკაში ეროვნულ ღონისძიებად მიიჩნევა ოფიციალური პოლიტიკური ფიგურების მიწვევისგან თავს იკავებენ.

ცნობილია, რომ ინაუგურაციას 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ინფორმაციაში ასევე წერია, რომ უცხო ქვეყნები წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი დიპლომატიური დელეგაციებით.

დღესვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთ უნგრელ თანამდებობის პირს და არც უცხოელ ლიდერს "ოფიციალური" მოსაწვევი არ მიუღია.

დონალდ ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო ფიცს მეორედ დადებს და 20 იანვრიდან, 47 პრეზიდენტის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.

დღის ამბები