ორმხრივი და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძეს, ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც ბაქო და თბილისი ერთობლივად ახორციელებენ.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა პირებმა ერთობლივი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ილჰამ ალიევმა ყურადღება ეკონომიკურ კავშირებზე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა.
მადლობით დაიწყო საუბარი საქართველოს მთავრობის მეთაურმაც. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ილჰამ ალიევთან შეხვედრამდე, პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტი სწორედ ალი ასადოვთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს კოლეგამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები და პრემიერის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა. მხარეებმა როგორც გლობალურ, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა, რომლის თანათავმჯდომარე ალი ასადოვთან ერთად ირაკლი კობახიძე იყო. სხდომაზე სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს.
კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. გაფორმდა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებებიც.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში მიწის ის ნაკვეთიც დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის აზერბაიჯანში ვიზიტი ერთდღიანი იყო. პრემიერს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი დახვდა. მთელი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.