ისრაელმა და ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" მძევლების გათავისუფლების და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. "ჰამასმა" მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლება 19 იანვარს უნდა დაიწყოს. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარია ადასტურებს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანც პრესი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასათავისუფლებელი მძევლების პირველი ჯგუფი 3 ისრაელელი ქალი სამხედროსგან შედგება. "ჰამასი" მათ საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის, ეგვიპტის და კატარის მისიას გადასცემს. გათავისუფლებულებს ჯერ ეგვიპტეში შემდეგ კი ისრაელში გადაიყვანენ.
პროცესის პარალელურად, ისრაელის ციხეს დატოვებს პალესტინელი პატიმრების პირველი ჯგუფი. რამდენიმე მათგანს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლი 19 იანვარს, ადგილობრივი დროით, დღის 12 საათსა და 15 წუთზე შეწყდება.
მედიის ცნობით, მძევლების და პატიმრების გაცვლა კი 16:00 საათზეა დაგეგმილი. ნეთანიაჰუს კანცელარიამ დღეს 33 ისრაელელი მძევლის ოჯახს აცნობა, რომ მათი ნათესავები ისრაელში ღაზიდან გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში დაბრუნდებიან.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პირველი ეტაპი 42 დღე გაგრძელდება. ამ პერიოდში, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" 33 მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებს, და 50 წელს გადაცილებულ და იმ მამაკაცებს, რომლებიც დაჭრილები არიან ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. მათ ეტაპობრივად გადასცემენ ისრაელს. პროცესის მიმდინარეობისას შეთანხმების რეალიზებას მხარდაჭერას, ეგვიპტე, კატარი და ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევენ.
"ცაჰალი" კი საჯარისო ნაწილების ღაზის საზღვართან ბუფერულ ზონაში გადაყვანის პასუხისმგებლობას იღებს. სამხედროებმა უნდა დატოვონ ნაცარიმის კორიდორი, რომელიც ღაზის სექტორს შუაზე ყოფს. ამითპალესტინელ დევნილებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილს დაბრუნების საშუალება მიეცემათ. ისრაელის არმია ნაწილობრივ გაათავისუფლებს ფილადელფიის კორიდორსაც, რომელიც ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს.
პალესტინელები შეძლებენ, ფეხით დაბრუნდნენ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ პროცესში "ცაჰალის" სამხედროებთან შემოწმების გავლა არ მოუწევთ. მათ კატარისა და ეგვიპტის სამართალდამცველები შეამოწმებენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.