29 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
უთანხმოება ოპოზიციაში, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების გამო დაიწყო - სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ დაფინანსების მიღებით, ოპოზიციამ არჩევნების ლეგიტიმაცია საბოლოოდ აღიარა

ის, რაზეც გუშინ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ოპოზიციონერ კოლეგებს აკრიტიკებდა, დღეს მისივე პარტიის წევრისთვის ბუღალტერიაა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარიერგადალახული სამი პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, ნიკა გვარამიამ განმარტებების გაკეთება მოითხოვა. პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიდერებმა, რომლებიც მოსახლეობას გაფიცვისკენ, გადასახადებზე უარის თქმისა და ქარხნების დახურვისკენ მოუწოდებდნენ, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი თვითონვე არ თქვეს. ამასთან, დღეს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ მთავარია, ოპოზიცია ერთი იდეის ირგვლივ არის გაერთიანებული.

ოპოზიციაში დაძაბულობა არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დაფინანსების მიღებით მათმა ოპონენტებმა, არჩევნების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს წერტილი დაუსვეს.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გვარამიას კრიტიკის ხაზარაძე დაინტერესდა, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის ფონზე, რა ფინანსური წყარო აქვს ნიკა გვარამიას კოალიციას. საბიუჯეტო დაფინანსების მიღება და რამდენიმე მილიონი ლარის გადანაწილება კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ", კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" და გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ახსნეს.

სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ დაფინანსების მიღებით, ოპოზიციამ არჩევნების ლეგიტიმაცია საბოლოოდ აღიარა და მათი ოპონენტები საპარლამენტო საქმიანობაშიც სავარაუდოდ მალე ჩაერთვებიან.

ოპოზიციის მიერ დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება შვიდმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიპოვა. 11 მილიონ ლარზე მეტი კი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 6 მილიონ 100 ათას ლარს მიიღებს, კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მილიონ 556 ათასს, "გახარია საქართველოსთვის" მილიონ 307 ათასს, კოალიცია "ძლიერი საქართველო" - მილიონ 400 ათას ლარს. დაახლოებით, 800 000-ს მიიღებს "გირჩი", 750 000 ლარს კი - "პატრიოტთა ალიანსი".

დღის ამბები