29 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
საქართველოს მე-6 პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება - დატოვებს თუ არა ორბელიანების სასახლეს სალომე ზურაბიშვილი, ჯერაც გაურკვეველია

პირველი პრეზიდენტის სახელობის ისტორიულ სხდომათა დარბაზში, მიხეილ ყაველაშვილი დეპუტატის სავარძლიდან საპრეზიდენტო ტრიბუნასთან გადაინაცვლებს და ღვთისა და ერის წინაშე საპრეზიდენტო ფიცს დადებს. ის ფიცს, საინაუგურაციო კონსტიტუციაზე დადებს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სახელისუფლებო გუნდში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის პატრიოტიზმში დარწმუნებული არიან და ამბობენ, რომ მიხეილ ყაველაშვილისთვის მთავარი ამოცანაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტს რეპუტაცია აღუდგინოს.

მაშინ, როცა მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და მეხუთეს უფლებამოსილების შეჩერებამდე რამდენიმე საათი რჩება, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რას აპირებს მოქმედი პრეზიდენტი. "კურიერის" მიერ დასმულ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: "ყაველაშვილს ჰკითხეთ."

იქამდე, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, ოპოზიციამ უკვე მოიფიქრა, რომ ხვალ ათონელის რეზიდენციასთან უნდა შეიკრიბოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მათთვის სალომე ზურაბიშვილი რჩება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უზენაესი კანონის დარღვევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა გაუკვირდებათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას თავად დატოვებს.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ ზუსტად 11 საათზე დაიწყება. საზეიმო ღონისძიება დაახლოებით 1 საათს გაგრძელდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

 

დღის ამბები