მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არ ცნობენ ოპოზიციურ სპექტრში. "ძლიერი საქართველოს" წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნები იქნა მიტაცებული, შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის ინაუგურაცია, არის არალეგიტიმური.
"ეს პროცესი, ისევე როგორც არჩევნების შედეგები, არის ყალბი. არჩევნები იქნა მიტაცებული. შესაბამისად, ამ არჩევნების შემდეგ განხორციელებული ყველა ქმედება - პარლამენტი, პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, არის არალეგიტიმური", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პროცესს მასკარადს უწოდებს.
"ეს იყო მასკარადი, არანაირი ინაუგურაცია არ იყო. ნუ დავარქმევთ ამას ინაუგურაციას, ამას ყველაფერს ხომ არ შეიძლება ავყვეთ, არავინ არ მიყვება, უნდა ვიყოთ ცოტა უფრო რაციონალურები", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
პარტია საქართველოსთვის წევრის, ზაზა თავაძის განცხადებით, ქართველი ხალხი არ ცნობს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ გადადგმულ გადაწყვეტილებებს.
"არალეგიტიმურმა პარლამენტმა არალეგიტიმურად აირჩია ყაველაშვილი. ე.წ. ინაუგურაცია არის არალეგიტიმური. ქართველი ხალხის უმრავლესობა, არჩევნების გაყალბების შემდეგ, არ ცნობს ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ზაზა თავაძემ.