თბილისის მერი, კახა კალაძე ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ესკალაციას და სიტუაციის გამძაფრებას არ ელის. კალაძე ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის სასახლის არ დატოვება სისხლის სამართლის დანაშაულია და აღნიშნავს, რომ არ ჰგონია, ვინმემ მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს.
"ის არის პატრიოტი ადამიანი, თავის სამშობლოზე შეყვარებული და მნიშვნელოვანია, რომ ის არ იმართება გარედან, რაც გვაქვს სახეზე სალომე ზურაბიშვილის სახით.
მე არ მგონია, რომ რაიმე ესკალაცია ან სიტუაციის გართულება მოჰყვეს ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს. არგამოსვლა ან რაღაც ასეთი, არ მგონია, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგას, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - ვის უნდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა?! დარწმუნებული ვარ, ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს. ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, შეუძლია ეს გამოხატოს მშვიდობიან ფარგლებში, კანონის ჩარჩოებში, როგორც კი გასცდება კანონს, მოჰყვება რეაგირება," - აცხადებს კახა კალაძე.