საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მიღებული მოულოდნელი მოგებაა და ამ ტიპის მოგება დიდხანს არ გრძელდება. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა BMG-თან ინტერვიუში განაცხადა.
პეტერ ფიშერი განმარტავს, რომ, ევროკავშირთან დაშორების პირობებში, საქართველოსთვის გამოყოფილი სესხები გაძვირდება, ხოლო სახელმწიფო ობლიგაციების რისკის პრემია გაიზრდება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიპლომატი ხედავს - ემიგრაციაა.
"საქართველოში ამბობენ: "ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს" - ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას.
ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფოს ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია. რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ. ვხედავ დიდ პრობლემას საქართველოს ეკონომიკისთვის და ვერ ვხედავ, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანა - ეს არის ახალგაზრდების ემიგრაცია. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ. ისეთი კომპანიაც კი, როგორიც "ჰაიდელბერგ ცემენტია", გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის", - აცხადებს ელჩი.