24 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
"ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, ჩვენი განსჯის საგანი არ არის, ვინ ვისთან დადის და რა ფორმით" - კახა კალაძე

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ემსახურება და არ არის მიმართული სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვისკენ", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ისინი აღნიშნული კანონის გაუქმებას მოითხოვენ.

მისი შეფასებით, ლგბტ პროპაგანდა, როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია.

"ნუ იჩქარებენ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს. დაველოდოთ. ბევრი რაღაც შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას, რაც, როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების და თუნდაც, სექსუალური ორიენტაციისა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ყველა ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ყველას უფლება დაცულია. ვინ ვისთან დადის, როგორ დადის და რა ფორმით, ეს მათი უფლებაა. როგორც უნდათ, ისე იყვნენ, ეს არ არის ჩვენი განსჯის საგანი. მთავარია, თავიანთი პირადი ჰქონდეთ თავისთვის. არ არის აუცილებელი ამ ყველაფრის პროპაგანდა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა პოზიციას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მათ საზოგადოების დამოკიდებულება კარგად იციან, რის გამოც, კანონის საწინააღმდეგო მოსაზრებას ვერ აფიქსირებენ.

"ვერ ექნებათ კონკრეტული პოზიცია, რადგან იციან, რომ საზოგადოებაში აღნიშნულ კანონს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. შესაბამისად, ვერც არჩევნების დროს ბედავდნენ, გაეკეთებინათ აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო განცხადებები და ვერც ახლა ბედავენ", - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები