24 ნოემბერი 2024,   15:07
ვრცლად
გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებენ არასწორ და კანონთან შეუსაბამო ინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია დეზინფორმაციაზე საუბრობს. დღეს გამართულ ბრიფინგზე, ცესკოში, ითქვა, რომ გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებენ ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორ და კანონთან შეუსაბამო ინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით. მათივე თქმით, კანონშეუსაბამო საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას. 

"სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩართული მხარე, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით ავრცელებს ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორ და კანონთან შეუსაბამო ინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით.

ამის დასტურია "TV პირველის" ეთერში, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის "ჩემი ხმა" წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და "დააიმედა" ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად. 

ასევე, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც, გარკვეულწილად, წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან, მაგრამ, ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. იგი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მოწოდება საარჩევნო ბიულეტენის, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, განზრახ დაზიანებისკენ. ამან კი, შეიძლება გამოიწვიოს ამომრჩევლის ხელოვნური დაყოვნება საარჩევნო უბნებში, რიგები და შესაბამისად, ამომრჩეველთა უკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის ელემენტარული მოთხოვნების უცოდინარობასთან ან - მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან," - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

დღის ამბები