24 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ბეირუთზე ისრაელის თავდასხმისას, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

ცენტრალურ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმისას, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, წერს, შეტევა გაფრთხილების გარეშე დაიწყო.

ბეირუთის მჭიდროდ დასახლებულ რაიონ ბასტაში განადგურებულია 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. იერიშის ხმა მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ისმოდა.

ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გამოყენებული იყო საარტილერიო ჭურვი (ე.წ. ბუნკერის ბომბი), რომელიც განკუთვნილია რკინაბეტონის, ქვისა და აგურის შენობების კაპიტალური სიმაგრეების განადგურებისთვის.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა, ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად და ცხედრების ამოსასვენებლად, მძიმე ტექნიკა გამოიყენა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ ელოდებიან სხეულის ნაწილებიდან აღებული დნმ ტესტების პასუხებს.

დღის ამბები