25 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
დღეს მხოლოდ "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს დემოკრატიის პრინციპებს, რთული იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობის შეცდომაში შეყვანა - მაკა ბოჭორიშვილი

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მხოლოდ "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიის პრინციპებს, რომლისთვისაც ქართველი ხალხის ხმა არის ყველაზე მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის თემაზე ოპოზიციის მხრიდან ბევრი ტყუილი, მანიპულაცია ისმის.

"საქართველოს ევროპული მომავალი იმდენად დიდი დოზით არის წარმოდგენილი წინასაარჩევნო კამპანიაში, რომ შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ამ თემას. ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოპოზიციის მხრიდან ევროკავშირის თემაზე ბევრი ტყუილი გვესმის, ბევრიც მანიპულაცია, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ ევროკავშირის საკითხით სპეკულირება არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის მხრიდან ხდება, არამედ თვალსაჩინოა ამ პროცესში გარე ძალების მოურიდებელი ჩართვა. ეს იმდენად უხეში ფორმებით კეთდება, რომ ზოგიერთი უცხოელი ე.წ. მეგობრის საქციელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოში არჩევნებში ჩარევა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველი ხალხი ევროპელი ერია და ჩვენს ევროკავშირისკენ სწრაფვას ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია განაპირობებს, რომელიც ძირითადად სწორედ ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლის ისტორიაა. მინდა, მივმართო მათ, ვინც ცდილობს, კითხვის ნიშანი დასვას საქართველოს ხელისუფლების ევროკავშირისკენ სწრაფვის გულწრფელობასთან დაკავშირებით და არ ერიდება იმის თქმას, თითქოს ვინმესთვის კიდევ გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. თქვენ საკუთარ თავს თუ არ იტყუებთ და ჭეშმარიტებას ეძებთ, იხელმძღვანელეთ ფაქტებით, ფაქტები არ იტყუებიან და არც უადგილო კითხვებზე პასუხების ძიებაში დაკარგავთ დროს, თუ მათ დაუჯერებთ. ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიის პრინციპებს, რომლისთვისაც ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არის ყველაზე მთავარი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ დეკლარაცია;

ფაქტი არის ის, რომ დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის სრულიად მონოპოლიზებული, იმ ძალის მიერ, რომელმაც ქართველ ხალხს თავი დაამახსოვრა რეპრესიული მექანიზმებით მართვით; იმ ძალის მიერ, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესი და ღირსება უცხო ცნებებია და ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არაფრად მიაჩნია. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას სტატისტიკა და ჩვენი სიტყვები თუ არ გინდათ, დაიჯეროთ, მიმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მის მონაცემებს. ციფრები გეტყვიან, რატომ არ აქვს ქართულ ოპოზიციას არაფერი საერთო ევროპულ ფასეულობებთან და რატომ არ შეიძლება მათი ყალბი პროევროპელობის დაჯერება. ციფრები გეტყვიან, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ უსამართლო ბრძოლაში, მრავალი ხელის შემშლელი ბარიერის მიუხედავად, ებრძოლა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, არ შეშინებოდა კრიტიკის მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში ერთგულება არ აქვს დასამტკიცებელი.

„ევროკავშირთან არც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისთვის 2013-2014 წლებში და არც მისი შესრულების ასეთი წარმატება. აქაც ფაქტებს შეხედეთ და შეადარეთ საქართველო სხვა პარტნიორებს. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი. არც ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა იყო საჩუქარი ევროკავშირის მხრიდან. ესეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაუღალავი შრომის შედეგად გატარებული რეფორმების შედეგია. არც ჩვენი სამხედროების საერთაშორისო მისიებში, წინა ხაზებზე მსახური იყო უბრალო ჟესტი. ესეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლინება გახლდათ, ვმდგარიყავით სტრატეგიული პარტნიორების გვერდით. არც ეკონომიკური განვითარების ეს შედეგები არის ციდან ჩამოვარდნილი. ესეც „ქართული ოცნების“ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და 12-წლიანი მშვიდობიანი მართვის შედეგია. არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ევროკავშირის დროშის ფრიალით მიღებული ისტორიული შედეგი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა/

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „ქვეყნის წინსვლა უფრო მარტივი იქნებოდა, რომ არა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით წარმოდგენილი ქართული ოპოზიციის დაუღალავი და დაუნდობელი ბრძოლა ქართული სახელმწიფოს, მისი ინტერესების წინააღმდეგ“.

„აქაც ფაქტებს შეხედეთ, ვინ არწმუნებდა საერთაშორისო პარტნიორებს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ საქართველოსთვის, ვინ ებრძოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან, ვინ აბრალებს საკუთარ ხელისუფლებას პრორუსობას და ვინ ქმნის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების საფრთხეს მუდმივად. ეს არის რეალობა, ამას ამბობენ ფაქტები. როგორც არ უნდა ეცადოთ ოპოზიციური ფლანგის გაკეთილშობილებას, რთული იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობის შეცდომაში შეყვანა. ამიტომ ერთხელ მაინც ენდეთ ქართველი ხალხის არჩევანს ისე, რომ უადგილო და უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემაში და სიმართლის მტკიცებაში ძვირფას დროს ნუ დაგვაკარგვინებთ. ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა სჭრდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ არვინ დააყენოს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები