22 ნოემბერი 2024,   00:11
ვრცლად
ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური დანაშაული - "კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული მიხაილ ბინიამინი ერევანმა ბერლინს გადასცა

მიხაილ ბინიამინი, იგივე მიშა ბინიაშვილი, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. "კურიერი P.S.-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ძებნილი ბინიაშვილის ექსტრადირება, ცოტა ხნის წინ, სომხეთიდან გერმანიაში განხორციელდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი, გერმანელი სამართალდამცველების მოთხოვნით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, ერევანში, გასულ წელს დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ თაღლითური ორგანიზაციის ოპერატორები, სატელეფონო ზარებით, სამიზნე ობიექტებს არწმუნებდნენ, რომ ფული საინვესტიციო ონლაინ-პლატფორმებში დაებანდებინათ, რის სანაცვლოდაც დიდ მოგებას ნახავდნენ. სინამდვილეში, მილიონობით ევრო ორგანიზებული ჯგუფის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა. "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება. 86 წლის გერმანელი პენსიონერი, ერიკ ფლახი დეტალურად ჰყვება, როგორ აღმოჩნდა თაღლითების მახეში.

თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. ქოლ-ცენტრში დასაქმებული ათობით ახალგაზრდა პეკინის 5 ნომერში, კონსპირაციის სრული დაცვით მუშაობდა. გასაიდუმლოებული ოფისიდან ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს ასი ათასობით ევრო მოტყუებით გამოსძალეს.

ქართველმა სამართალდამცველებმა, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, ოთხი პირი დააპატიმრეს, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია "მორგან ლიმიტედის" ბაზაზე ე.წ. ქოლ-ცენტრები დისტანციურად ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს.

ვინ დგას თაღლითური კომპანიის უკან? "მორგან ლიმიტედის" დამფუძნებელია უკრაინის მოქალაქე ნატალია პლუტენკო. მას საქართველოს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, ისევე, როგორც ამავე კომპანიასთან დაკავშირებულ უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს – დანილო ზაიჩენკოს. მტკიცებულებებით იკვეთება უკრაინელი ბრალდებულების კავშირი საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელ "მილტონ გრუპთან", რომლის ჩრდილოვან მმართველად "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილად გამოცხადებული უკრაინის მოქალაქეები, კიევსა და თბილისში, “მილტონ გრუპის“ სახელით გამართულ გლამურულ წვეულებებსაც მასპინძლობდნენ. წარსულში, დანილო ზაიჩენკო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა თბილისში, "მორგან ლიმიტედის" რეგისტრაციის მისამართზეც დააფიქსირეს.

დავით კეზერაშვილის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს თემურ ჯანაშვილიც. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავი ერთ-ერთია იმ ოთხ პირს შორის, რომელიც სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის პირადად ხელმძღვანელობდა თბილისში მოქმედ მსხვილ ქოლ-ცენტრს, თანხებს კი დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე რიცხავდა. ჯანაშვილი დანაშაულს უარყოფს, ადვოკატი კი საქმის დეტალებზე განმარტებებს არ აკეთებს.

თემურ ჯანაშვილი ერთადერთი არ არის დავით კეზერაშვილის გარემოცვიდან, რომელიც საერთაშორისო გამოძიების მასალებში მოხვდა. "კურიერი P.S.-მა მოიპოვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დოკუმენტი, სადაც საეჭვო ტრანზაქციებზეა საუბარი. თანხები, დავით თოდუას სახელით, უკრაინიდან საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. თავის მხრივ, თოდუა, არაერთ კომპანიაში, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია. ფაქტი რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება. დოკუმენტებით ირკვევა, რომ, თოდუას სახელით, საქართველოში ფინანსურ ტრანზაქციებს კეზერაშვილის კიდევ ერთი ნათესავი ელდარ ბინიაშვილი ასრულებდა.

საქართველოში ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის - გიორგი ნოზაძის ადვოკატი გვიდასტურებს, რომ გამოძიების მასალებში ნამდვილად ფიგურირებს დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი და უახლოესი მეგობარი - დავით თოდუა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ნოზაძე ორგანიზებული ჯგუფის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და კომპანიაში მხოლოდ ლოჯისტიკურ სამუშაოებზე იყო დასაქმებული. ადვოკატი არ უარყოფს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა, დამსაქმებლის მითითებით, რამდენჯერმე განახორციელა ფინანსური ტრანზაქციაც, თუმცა გადარიცხვის დანიშნულება მისთვის ბოლომდე უცნობი დარჩა.

საქართველოს გარდა, საერთაშორისო გამოძიება დავით კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული “მილტონ გრუპის“ საქმიანობას სწავლობს ალბანეთსა და უკრაინაშიც. თავად კეზერაშვილი პროკურატურის მიერ ქოლ-ცენტრების საქმის გახნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სიცრუეში ადანაშაულებს ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. პირველად სწორედ BBC-მ დაასახელა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მილიარდიანი თაღლითობის უკან. რეპორტაჟის ავტორი კეზერაშვილს “მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენიებს.

 

დღის ამბები