აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის შესახებ და მე-5 მუხლი, თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლების შესახებ, - განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ არაეფექტიანი გამოძიების ჩატარებით და აზერბაიჯანში მისი უკანონო ტრანსპორტირებით. თუმცა, განჩინებაში წერია, რომ სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი "მატერიალური დარღვევა".
"მე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ამ გადაწყვეტილებაში და გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. ჩემი გატაცების საქმეზე გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა. მას შემდეგ, რაც გამტაცებლიდან ერთ-ერთი ამოვიცანი, მივედი პროკურატურაში და დავასახელე, თუმცა ჭეშმარიტების დასადგენად არაფერი გაკეთდა. ამ დრომდე არ ვიცი, რა ეტაპზეა გამოძიება. ისევ იმედი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე სრულად დადგინდეს.“ - აცხადებს აფგან მუხთარლი.
საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის 12 500, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კი 8 500 ევრო უნდა გადაუხადოს.