24 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.

საგამოძიებო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დანაშაული სხვადასხვა ფორმით შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს ან მოქალაქეს შეეხოს, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ყალბ ექაუნთებს ამოფარებული დამნაშავე პირები, მათ შორის პედოფილიის ნიშნების მქონე გამომძალველები, მოტყუების გზით ადვილად ახერხებენ ბავშვებთან დაახლოებას, შედიან მათთან ნდობაში, რის შემდეგაც მათი ინტიმური კადრების მოპოვებით ხელყოფენ ბავშვთა პირად ცხოვრებას, რასაც თან შესაძლოა ახლდეს მათ მიმართ სქესობრივი იძულება, გამოძალვა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.

ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.

აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილეებთან-გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, საგამოძიებო დეპარტამენტის დანაყოფის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის შემთხვევებზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეესტრის და მონიტორინგის მექანიზმის პროექტი განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, სამსახური საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

საკანონმდებლო ცვლილებების, რეესტრის ამოქმედების და მონიტორინგის შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია, რომლის პარალელურად სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებთან და მოზარდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.

დღის ამბები