25 ნოემბერი 2024,   01:04
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს უკვე მესამე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავენ - სხდომაზე იყო კამათიც

საკონსტიტუციო სასამართლოში ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელების განხილვა, მარინე ბერიძეს მოსმენით განახლდა. თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, დამსწრეებს კოლეგებთან ერთად დაწერილი კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც მისი თქმით ადასტურებს, რომ ქართულ ენაში ”უცხოური ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” ცალსახა ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.

მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ენათმეცნიერის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს და ამის დასტურად, სოციალურ ქსელში მის მიერ სადავო კანონის თაობაზე დაწერილი განცხადებები მოიყვანეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოწმის აცილება არ მოუთხოვიათ.

ხანმოკლე შესვენების შემდეგ, 4 სარჩელის განხილვა სასამართლოში 78-ე მუხლზე მსჯელობით განახლდა. კითხვა-პასუხი ძირითადი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა. მოსარჩელეები პლენუმს კანონის შეჩერების აუცილებლობაში არწმუნებდნენ. მოპასუხეებმა კი მოსამართლეების იმ კითხვას უპასუხეს, იყო თუ არა პრინციპულად მნიშვნელოვანი კანონის სახელწოდების ამგვარი ფორმულირება.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოზიციის მართებულობა. განმარტა ისიც, თუ რატომ არ ესწრებიან სხდომას თავად პოლიტიკოსები.

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სარჩელის განხილვა, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტორი: მარიამ ურუშაძე. 

 

დღის ამბები