24 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ეს არის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა პროგრამის დაფინანსების შეჩერებას საზოგადოებაზე ზეწოლის მექანიზმად იყენებენ.

მისივე თქმით, დაფინანსების შეჩერებით, პარტნიორებს საზოგადოებაში მღელვარების შექმნა სურთ.

"გვეგონა უანგარო გვერდში დგომა, აღმოჩნდა, რომ ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი. იმ მომენტში, როდესაც რაღაც არ მოეწონათ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში, ეს ინსტრუმენტი აამოქმედეს, როგორც ზეწოლის მექანიზმი.

ჩვენ გვაქვს 19-მილიარდიანი ბიუჯეტი, რომლის ნახევარი პროცენტიც არ არის გრანტები. საუბარი, თუნდაც ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც 8 მილიარდ ლარამდე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ორ მილიონზე საუბარი, თან ამაზე მყისვე ახალთახალი ინფორმაციის წამოწევა იმისთვის, რომ დამატებითი მღელვარება იყოს საზოგადოებაში ვფიქრობ, არ არის სწორი მიდგომა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსების შეჩერება წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობაა.

"აქ მთელი უბედურება ის არის, რომ რასაც რუსეთი აჟღერებდა - დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო, ამ ნაბიჯებს დგამს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ აქ კიდევ ერთხელ იკითხება ერთი გაურკვეველი რამ, რა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად აქ. თუ ეს ემსახურება ჰუმანიტარულ, სამეცნიერო მიზნებს, რა შუაშია კანონი გამჭვირვალობის შესახებ ყოველივე ამასთან. ეს არის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეორე დღეა, ლუგარის დაფინანსების საკითხზე პოლიტიკური დისკუსია მიმდინარეობს. ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროექტების შეჩერების ტენდენციასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. "ქართული ოცნებისთვის" კი, გაუგებარია, რა კავშირშია შტატების ჰუმანიტარული მიზნები, მათ შორის ლაბორატორიის დაფინანსება ქვეყანაში უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღებასთან.

ამავე თემაზე, დღეს ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა - საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია.

დღის ამბები