საქართველოს ოლიმპიური ნაკრების კიდევ ერთი წარმატება. ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია.
ქართველმა ძიუდოისტმა, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში დასანანი მარცხი განიცადა. ქართველმა ფინალში მეტოქეს ბრწყინვალე ვაზარით ქულა აუღო, თუმცა მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით, მან სამი შიდო მიიღო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ადგილი აზერბაიჯანელ ათლეტს დაუთმო.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი აიღო, თუმცა მიზანი პიედესტალის უმაღლესი საფეხურია. ლაშა გურულმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს სძლია და ადგილი საუკეთესო ოთხეულში დაიმკვიდრა. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე კუბელი ალვარეს ბორხესი იქნება.
ეს არის მეორე შემთხვევა, როცა საქართველოს სახელით მოკრივე ოლიმპიურ მედალს მოიგებს. პირველად, 24 წლის წინ, 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ჭანტურიამ მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა უკვე 3 მედალი მოიგო. ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი - ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
დღეს საქართველოს სახელით, 5 სპორტსმენი გამოვა. ლეგენდარული ნინო სალუქვაძე, ძიუდოისტები: სოფიო სომხიშვილი და გურამ თუშიშვილი, მძლეოსანი - ლუკა ხარჩილავა და ბატუტზე მხტომელი - ლუბა გოლოვინა იასპარეზებენ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი