"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები მიუნხენის ბიბლიოთეკაშია გადაღებული. კადრებში ჩანს, უნიკალური წიგნების ქურდობაში ბრალდებული საქართველოს ორი მოქალაქე. საერთაშორისო გამოძიებით დგინდება, რომ მათ თანამზრახველებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მე-19 საუკუნის ძვირადღირებული გამოცემები მოიპარეს. გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებული 5 პირი ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში საქართველოში სამი თვის წინ დააკავეს.
ანა გოგოლაძე ერთადერთია იმ ხუთ ბრალდებულს შორის, რომელმაც დღეს გამართულ პროცესზე დანაშაული აღიარა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, რის გამოც წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ქურდობაში ასევე ბრალდებულები არიან და-ძმა ქრისტინა და მათე ცირეკიძეები, მათი მეგობარი ბესიკ ახალაშვილი და დანაშაულის კიდევ ერთი თანამზრახველი რობერტ ცატუროვი. ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმის დეტალებზე განსასჯელებს არაფერი უთქვამთ. განსხვავებულია დაცვის და ბრალდების მხარეთა პოზიციები.
საერთაშორისო გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სავარაუდოდ და-ძმა ცირეკიძეების მამა, ბექა ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. ის ამავე დანაშაულისთვის სასჯელს ესტონეთში იხდის. დაჯგუფების სამიზნე გახდა ჟენევის, ლიონის, მიუნხენის, ვარშავის, ტარტუს და პარიზის ბიბლიოთეკები. დაწესებულებებიდან მალულად გატანილია მე-19 საუკუნის რუსი კლასიკოსების, მათ შორის პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვის უიშვიათესი გამოცემები. ცნობილი ხდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი იყენებდა ყალბ პასპორტებს, გამოგონილ სახელებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად გამზადებულ ასლებს. 25 ტომიანი საქმის მასალებზე დაყრდნობით, პროკურატურა ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.