2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ყველაზე პატარა მონაწილე ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი იქნება. მან უკვე შეძლო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ახლა კი, ოქროს მედლისთვის, ოლიმპიადაზე იბრძოლებს.
სპორტსმენმა, გადაცემა "შუადღეში" საუბრისას, აღნიშნა, რომ 7 წლისას მოუწია არჩევანის გაკეთება ძიუდოსა და ცეკვას შორის.
"ჩემი და ძიუდოს ურთიერთობა 7 წლის ასაკში დაიწყო. პირველად, 6 წლის ასაკში მიმიყვანა მამამ, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და არ მიმიღეს. როცა გავხდი 7 წლის, დედას მივყავდი ცეკვაზე, კარგი გააღო ჩემ წასაყვანად, სწორედ მაშინ შემოვიდა მამა და წამიყვანა ძიუდოზე. ასე დაიწყო ჩემი და ძიუდოს ურთიერთობა", - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა.
სპორტსმენის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობს გამო, იყო რთული პერიოდებიც, თუმცა მშობლები მაქსიმალურს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მას ხელი არ შეშლოდა. ძიუდოისტი აღნიშნავს, რომ, მოგვიანებით, შეძლო და მშობლებს, თანადგომისთვის, მადლობა წარმატების მიღწევითა და გამარჯვებებით გადაუხადა.
"5 წლის ვიყავი, როცა წამოვედი სოფლიდან. არ გვილხინდა, ასე რომ ვთქვა, ვგრძნობდი ამ ყველაფერს, მაგრამ სწორედ მაგ დროს უნდა დაისახო მიზანი, რომ მშობლებს დაუფასო ყველაფერი, რაც შენთვის გააკეთეს და რასაც აკეთებენ დღემდე.
მსოფლიოს ჩემპიონატი რომ მოვიგე, მაშინ მამაჩემის თვალცრემლიანი სახე პირველად ვნახე და მივხვდი, რომ ჩემს მშობლებს დავუფასე ეს ყველაფერი", - განაცხადა გიორგი სარდალაშვილმა.
სპორტსმენს, საუბრის დროს, არც მწვრთნელი გამორჩენია. ძიუდოისტის თქმით, მწვრთნელი ყოველი ასპარეზობის წინ პირჯვარს სწერს, რაც მას ძალიან დიდ ძალას აძლევს.
"ჩვენი მთავარი მწვრთნელი, ფსიქოლოგიურად, ძალიან გვამხნევებს ხოლმე. შეუძლია, ძალიან მაღლა აიყვანოს სპორტსმენი. გასვლის წინ გვეუბნება, რომ ამდენი წვალება, შრომა და თავდადება უნდა გამოვიყენოთ. ყველა გასვლის წინ, ჯვარს მსახავდა ისე, რომ კამერას არ დაენახა და ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევდა", - ამბობს გიორგი სარდალაშვილი.
ძიუდოისტის თქმით, ამაყია, როდესაც გამარჯვების შემდეგ ქართული ჰიმნი ესმის - ამით ის ქვეყანას თავისი საქმით ასახელებს.
"ჰიმნი ყველა სპორტსმენისთვის არის ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი და წამი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაიხსენო. ხარ შენს ქვეყანასთან ახლოს, ღმერთთან ახლოს და ამაყი, რომ შენს პატარა საქართველოს ასახელებ, მაგალითად მე, როგორც ძიუდოისტი ძიუდოთი", - ამბობს სპორტსმენი.
კითხვაზე, რას გააკეთებს გიორგი სარდალაშვილი იმისთვის, რომ ოქროს მედალი აიღოს, ის პასუხობს, რომ ყველაფერს.
"ყველაფერი აქვს გაკეთებული და ყველაფერს გააკეთებს, რომ ოქროს მედალი აიღოს, თავს გაწირავს", - ამბობს გიორგი სარდალაშვილი.