აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თეთრ სახლში, ღაზის სექტორში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ სასაუბროდ, შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, საუბრის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა იყო. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.
"სალაპარაკო ბევრი გვაქვს", - თქვა ბაიდენმა, როდესაც ნეთანიაჰუს ოვალურ კაბინეტში ხელი ჩამოართვა და სტუმარს მადლობა გადაუხადა.
პასუხად, მადლობა მოისმინა ნეთანიაჰუსგანაც.
"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ 50-წლიანი საჯარო სამსახურისთვის და ისრაელის სახელმწიფოს 50-წლიანი მხარდაჭერისთვის“, - უთხრა ნეთანიაჰუმ ბაიდენს.
ეს იყო ბაიდენისა და ნეთანიაჰუს პირველი პირისპირ შეხვედრა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ - მას შემდეგ, რაც, ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, ბაიდენი ნეთანიაჰუსთან ჩავიდა.