25 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
თეა წულუკიანი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის კულტურული ფესტივალის გახსნას დაესწრო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არჩილ ძულიაშვილსა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად დაესწრო ჯერაშის 38-ე კულტურული ფესტივალის გახსნას, რომელიც მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ მინისტრი ბიშერ ალ ხასავნე, იორდანიის კულტურის მინისტრი ჰაიფა ნაჯარი, ჯერაშის გუბერნატორი ფირაზ ფაური, ეგვიპტის კულტურის მინისტრი აჰმად ფუად ჰანო და იორდანიის სამეფოს სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

ფესტივალზე წარმოდგენილია იორდანული ინტელექტუალური და კულტურული პროგრამა და იორდანული და არაბული პოეზია.

საქართველო მეფის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალზე ქართული ტრადიციული ცეკვებით წარდგება - ფესტივალის მეორე დღეს ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის ე. ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ბათუმი" სოლო კონცერტს გამართავს.

"თეა წულუკიანმა, იორდანიაში ვიზიტისას, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. იგი შეხვდა იორდანიის კულტურის მინისტრ ჰაიფა ნაჯარს. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე.

მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტერი მოინახულა და შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - კარაკის ტურიზმის დირექტორატის ხელმძღვანელ საატე ალ-მასაედესა და კარაკში სიძველეთა დეპარტამენტის თანამშრომელს, ბასილ ჰალასას.

მნიშვნელოვანია, რომ, მხარეთა წარმატებული მოლაპარაკებებისა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნის შედეგად, უკვე მიღწეულია შეთანხმება, ქართულმა მხარემ დააკომპლექტოს ქართველი მეცნიერ-არქეოლოგების გუნდი, რომელიც იორდანიაში გაემგზავრება და იქაურ კოლეგებთან ერთად შეუდგება არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვას", - აცხადებენ უწყებაში.

თეა წულუკიანი არჩილ ძულიაშვილსა და ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად იმყოფებოდა ნებოს (მოსეს) მთაზეც. მინისტრი სასულიერო პირებს შეხვდა და მათთან V საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, მაიუმის ეპისკოპოსის, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი პეტრე იბერის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნებოს (მოსეს) მთაზე წმიდა წინასწარმეტყველის, ებრაელთა წინამძღვრისა და სჯულმდებლის, მოსეს შესახებ ხილვა ეწვია. მას შემდეგ, რაც ხალხმა პეტრე იბერის ხილვა ირწმუნა, ამ ხილვის ადგილზე წმიდა მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი აიგო.

მინისტრთან შეხვედრისას, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა გამოთქვეს სურვილი, წმიდა მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში ქართული ტრადიციული გალობისა და მრავალხმიანი სიმღერის კონცერტი გაიმართოს.

თეა წულუკიანი ასევე ესტუმრა ქალაქ მადაბას, სადაც იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის წევრ მაჟდი ალიატუსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს წარმომადგენელს, ვაი ჯანინის შეხვდა.

დღის ამბები