მეორე ფრონტის გახსნის მიზანს "ხალხის ძალა" კონგრესში გაკეთებული განცხადებების მიღმაც ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბრალდებებს უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაუსაბუთებელმა კრიტიკამ, მუქარამ და მძიმე საუბრებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, რისი დასტურიც კონგრესში გამართული მოსმენაც იყო. დეპუტატებმა შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე, დღეს, ვრცელი წერილიც გამოაქვეყნეს და "კურიერთან" ინტერვიუშიც თქვეს, რომ ომის საშიშროება არსად გამქრალა.
წერილის ავტორები საქართველოს მიმართ კრიტიკას დაუმსახურებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. "ხალხის ძალაში" მიიჩნევენ, რომ კონგრესმენების მხრიდან "გამჭვირვალობის კანონის" გაპროტესტების რეალური მიზანი ქვეყანაში პროცესების მძიმედ განვითარებაა, ოპოზიციისთვის კი "ხალხის ძალის" წერილის შინაარსი საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
შეერთებული შტატების და ევროპის მხრიდან კრიტიკა უსაფუძვლოა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს მისამართით უსამართლო დამოკიდებულება ადასტურებს, რომ, გარკვეული ძალების მხრიდან, არის ქვეყნის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსიას არც უმრავლესობის სხვა წევრები განიხილავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ამერიკელი და ევროპელი, რიგი მაღალჩინოსნების ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესების სასარგებლო პოზიციებს არ შეცვლიან. "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ ყველა მსგავს საკითხზე საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც გააგრძელებენ.