25 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
NDI-ის სადამკვირვებლო მისია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ესაუბრნენ.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, NDI-ს ინფორმაცია მიაწოდეს წინასაარჩევნო გარემოზე, ხმების დაცვის მექანიზმებსა და ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე.

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა ყველა მათგანის პოზიცია მოისმინონ.

"NDI-ისა და სხვა მისიების ყოფნა ამ არჩევნებზე და მათი შეფასებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს არის სამუშაო შეხვედრა. როგორც ვიცი, ხვდებიან ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ყველა წყაროდან მოისმინონ, ვინ როგორ აფასებს საარჩევნო გარემოს, სად ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, რა არის პრობლემა კანონსა და პრაქტიკაში. ასევე, ექნებათ შეხვედრა [მმართველ გუნდთან], რათა მოისმინონ, ხელისუფლება რას ფიქრობს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია, "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ.

"გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა დამკვირვებლებთან. არაფერი დამალული არ გვექნება ხალხისგან. რასაც მივუტანთ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, იმას გამოვიტანთ საჯაროდ. მუშაობის აქტიურ ფაზაში ვართ და დარწმუნებულნი ვართ, რომ, ხალხთან ერთად, მნიშვნელოვან შედეგებს დავდებთ, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები