25 ნოემბერი 2024,   08:05
ვრცლად
ხედავთ რა მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში, ეს არის საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული, ასეთ პირობებში ნებისმიერი მოვლენისგან პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ, ჩვენ ამას გავაკეთებთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტის სამიზნე, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო.

პრემიერის თქმით, საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რაც კარგად გამოჩნდა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში.

"ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენები ვითარდება, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა აშშ-ში. ეს არის საერთო ხელწერა. რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რაც კარგად გამოჩნდა ამ ბლო 4 წლის განმავლობაში. ასევე მინდა შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, საუბარი ჰქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ, მან თქვა პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან ქილერები. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში - ეს იყო სიტყვა-სიტყვით ნათქვამი. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება, ამას ემატება გამოძიების ინფორმაცია კონკრეტულ სამზადისთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, როცა მით უმეტეს, ასეთი მოზაიკა იკვრება. ჩვენ გვმართებს სერიოზული სიფრთხილე ყველაფრის გათვალისწინებით. არის ძალიან მძიმე და სერიოზული ინტერესები საქართველოს მიმართ და ასეთ პირობებში ნებისმიერი მოვლენისგან პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები