25 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გასასაჩივრებლად ოპოზიციონერების ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში გრძელდება

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. მათი სახელით, უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევა. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება.

დეპუტატ თამარ კორძაიას ინფორმაციით, პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც სარჩელს არ უერთდება, "გირჩია".

"სარჩელი ეხება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას და გასაჩივრებულია მთელი კანონი სწორედ 78-ე მუხლის, ევროინტეგრაციის ნაწილთან მიმართებაში. ხელმოწერები უკვე საკმარისია. მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიცია აბსოლუტურად ერთსულოვანია, უბრალოდ, ზოგიერთი დეპუტატი საქართველოში არ არის და ფიზიკურად ვერ აწერს ხელს, თუმცა, ისინი უერთდებიან. ერთადერთი პარტია, პარლამენტში წარმოდგენილი, რომელიც არ უერთდება სარჩელს, ეს არის "გირჩი," - აცხადებს თამარ კორძაია.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და დადასტურდება, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

"დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და ობიექტურ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქართული გამჭვირვალობის კანონი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ როგორმე ეს კანონი გააშავოს, ეს კამპანია, რა თქმა უნდა, ჩაუვარდებათ და ისინი ვერ შეძლებენ, რომ კიდევ ერთხელ სცადონ და დაარქვან ამ ქართულ კანონს რუსული," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები