25 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
იმ მომენტში, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხდები, თითქოს ღმერთთან რჩები მარტო - ლაშა ბექაური

რა შეიცვალა ლაშა ბექაურში წინა ოლიმპიადიდან დღემდე, - ჩემპიონმა "შუადღეში" იმ შეგრძნებებსა და გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც, 3 წლის წინ, ოლიმპიური მედლის მოპოვებით მიიღო.

სპორტსმენი ფიქრობს, რომ ახლა უფრო მეტად ჩამოყალიბებულია და მეტად მზად არის ოლიმპიური თამაშებისა და გამარჯვებისთვის.

"ვფიქრობ, გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც ძიუდოისტი. ახალა უფრო მეტად ჩამოყალიბებული ვარ ძიუდოში და მეტად მზად ვარ ოლიმპიური თამაშებისა და გამარჯვებისთვის", - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

მისი თქმით, წინა ოლიმპიადაზე იმდენად რთული ტრავმით მოუწია მონაწილეობა, უკვირს, როგორ შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.

"წინა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ძალიან რთული ტრავმით მომიწია და ეს ყველაფერი ჩემს თავში გადასალახი მქონდა. რა მოცემულობაც მქონდა, მივიღე და სადაც ვიყავი, იმით შევეცადე, რომ ოქროს მედალი მომეპოვებინა. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ცხოვრებაში. შეიძლება, რაღაც დაბრკოლება შეგხვდეს, მაგრამ მიზეზებს არ უნდა დაუწყო ძებნა. რა მოცემულობაც გაქვს, იმით უნდა შეეცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო.

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. ვფიქრობდი, როგორ შევძელი ასეთი მხრით ოლიმპიური ჩემპიონობა. ძალიან რთული და მძიმე ტრავმა იყო, მაგრამ შევძელით, იმ ეტაპამდე მიგვეყვანა ეს ხელი, რომ ელემენტარული - ხელის ჩაჭიდება შემძლებოდა. მიკვირს, რომ შევძელი.

დიდი ცვლილება მოახდინა ჩემს მენტალობაში და ჩამომაყალიბა. თუ ადამიანის სურვილი დიდია, შეიძლება, დაბრკოლება არც კი არსებობდეს. მთავარია, რამდენად გულით გინდა და გწამს და აუცილებლად მიაღწევ", - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

ბექაურის თქმით, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი ხდები, შეგრძნებები იმდენად დიდია, რომ "გგონია, ღმერთს ესაუბრები".

"იმ მომენტში, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხდები, თითქოს ღმერთთან რჩები მარტო. ისეთი დიდი მწვერვალია, რომ რაც გამოიარე, რა ფიქრებიც გქონდა, რა შრომაც ჩადე, ამ ყველაფერ აანალიზებ და თითქოს, ღმერთთან საუბრობ, რომ შეძელი ეს ყველაფერი, - საოცარი გრძნობაა", - განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალშიც დაიპყრობს მწვერვალებს.

"სულელი უნდა იყო, რომ გაჩერდე და ელემენტარულით დაკმაყოფილდე. ვიცი, ბევრის გაკეთება და მომავალი თაობისთვის მოტივაციის მიცემა შემიძლია. მინდა, რომ ერთ-ერთი დიდი ქართველი ვიყო იმ ქართველებიდან, რომლებიც ჩვენს ისტორიას ჰყოლია და მჯერა, რომ ამას გავაკეთებ", - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

დღის ამბები