25 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
გლობალური IT შეფერხება და ქაოსი მსოფლიოში - კიბერუსაფრთხოებითი სისტემის პრობლემა, რომელიც მაიკროსოფტის მომხმარებლებს ანტივირუსულ პროგრამებს სთავაზობს

მსოფლიოს მასშტაბით, მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან.

სისტემური შეფერხება პირველად სიდნეიში დაფიქსირდა, სადაც ჩათვალეს, რომ ეს ლოკალური პრობლემა იყო. რამდენიმე წუთში კი ნათელი გახდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იდგა.

ავსტრალია, ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა - კომპიუტერული პრობლემა გლობალური აღმოჩნდა. "მაიკროსოფტის უინდოუსში" მომუშავე კომპანიები სისტემური უზრუნველყოფის მასშტაბური ხარვეზის წინაშე დადგნენ და მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლეს. ქაოსი იყო მსოფლიოს სუპერმარკეტებსა და სააფთიაქო ქსელებში, შტატებში რამდენიმე ადგილას 911-ის მუშაობაც კი შეჩერდა, ინგლისში კი კლინიკების ნაწილს გეგმური ოპერაციების გადადებაც მოუხდათ, პოლონეთის საბაჟომ ტვირთები გააჩერა. პრობლემა შეეხო საბანკო სექტორს, ლონდონის საფონდო ბირჟას, ყველაზე მეტად კი მუშაობა ტრანსპორტს გაუჭირდა - მატარებლებს, ტაქსებს და თვითმფრინავებს. დღეს ჯამში 1400-ზე მეტი რეისი გადაიდო.

მალევე გამოირკვა, რომ ყველაფერი "ქროუდ სტრაიკის" ბრალი იყო, კიბერუსაფრთხოებითი სისტემის, რომელიც მაიკროსოფტის მომხმარებლებს ანტივირუსულ პროგრამებს სთავაზობს. სწორედ ამიტომაა, რომ დეფექტი არ შეხებია არც "მაკისა" და არც "ლინოქსის" სისტემებს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პროგრამა დეფექტურად განახლდა და დომინოს პრინციპით მსოფლიოს მთელ ქსელს მოედო.

სისტემური დეფექტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, შეეხო ტელეკომუნიკაციასაც. ტელეკომპანია "სკაი ნიუსი" დილით ეთერში ვერ გავიდა. ოლიმპიადის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, პრობლემები შეექმნა პარიზსაც. ოლიმპიადის საორგანიზაციო გუნდმა მოგვიანებით ახსნა, რომ ბილეთების გაყიდვა არ შეფერხებულა, თუმცა სისტემური გაუმართაობის გამო, მომსახურების გაწევაზე ბევრისთვის მოუხდათ უარის თქმა.

რუსეთის მხრიდან ევროპის მისამართით გახშირებული კიბერთავდასხმების გამო, ევროპის ქვეყნების მთავრობებმა საგანგებო შეხვედრები გამართეს, ასეთი იყო კობრას შეხვედრა ბრიტანეთში. პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდა გერმანიაც.

პრობლემა მისწვდა საქართველოსაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კატოვიცეს მიმართულებით "ვიზიარის" რეისი რამდენიმე წუთის მანძილზე იყო შეჩერებული, თბილისიდან გაფრენილი ბერლინის რეისი კი, პოზნანში დაფრინდა, რადგან ხარვეზის გამო გერმანია მას ვერ მიიღებდა.

ცარიელმა ლურჯმა ეკრანებმა კომპანიებს ხელით მუშაობისკენ უბიძგა. ნაწილმა პრობლემა მალევე აღმოფხვრა, ნაწილს კი ამისათვის მთელი დღე დასჭირდა. ფაქტია, რომ დეფექტურად გადატვირთულმა ანტივირუსმა მსოფლიოს დიდი ზარალი მოუტანა, განსაკუთრებით კი მშობლიურ კომპანია "კროვდსტრაიკს", რომლის აქციების ფასიც 20%-ით შემცირდა, რაც 16 მილიარდს უდრის. კომპანიამ ბოდიში მომხმარებელს უკვე მოუხადა.

დღის ამბები