21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სიტყვები, დღეს, სასამართლო დარბაზში პროკურორმა წაიკითხა. ფსიქიატრიულ ექსპერტთან გასაუბრების ოქმში, ოთარ ცინდელიანი სასტიკ მკვლელობას აღიარებს და ამბობს, რომ მომხდარის დროს ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებულის სიტყვების ავთენტურობა, პროცესზე მოწმის სახით გამოძახებულმა ექსპერტმაც დაადასტურა.
ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შეურაცხადი არ ყოფილა და მომხდარს სრულად აანალიზებდა. დღევანდელ პროცესზე, სასამართლოს ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც. მან ქეთი ჯავახიშვილის ცხედარზე 59 ჭრილობა აღმოაჩინა. დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა ქალის საფეთქლიდან ამოღებულია მეტალის საგანი, რომელიც სავარაუდოდ დანის წვერი უნდა ყოფილიყო.
ექსპერტიზა ჩაუტარდა დანაშაულის იარაღსაც, რომელიც სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს ამოიღეს. პროცესზე მოწმემ დაადასტურა, რომ დანაზე არსებული სისხლის კვალი ქეთი ჯავახიშვილს ეკუთვნის, ანაბეჭდები კი ოთარ ცინდელიანს.
პროკურატურამ დღეს სასამართლოში მრავალტომიანი საქმის მთავარი მტკიცებულებები მიიტანა. მასალები მძიმეა, თუმცა ამას სხდომათა დარბაზში მყოფ ბრალდებულზე ემოციური გავლენა არ მოუხდენია. ოთარ ცინდელიანს დღევანდელ პროცესზე არაფერი უთქვამს. სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა მისმა ადვოკატმაც. საქმის ირგვლივ მედიასთან მხოლოდ პროკურორმა ისაუბრა.
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი, 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს სასტიკად მოკლეს. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია. ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე უმძიმესი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს, ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება.