საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.
საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია აპროკურატურის განცხადებაში.