25 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"უფრო მეტი და უკეთესი შედეგი, ვიდრე გასულ ოლიმპიურ თამაშებზე" - ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე გააცილეს

"უფრო მეტი და უკეთესი შედეგი ვიდრე გასულ ოლიმპიურ თამაშებზე" - საქართველოს სპორტსმენების დევიზი უცვლელია. პარიზის ზაფხულის რიგით 33 ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ქართველი სპორტსმენები გააცილეს, რომლებმაც, დიდი კონკურენციის პირობებში, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს.

ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, სადაც სპორტსმენებმა პროფესიული ფიცი ქვეყნისა და ერის წინაშე დადეს. ოლიმპიურ სარბიელზე 28 ქართველი სპორტსმენი წარდგება მილიარდიანი აუდიტორიის წინაშე, რომლებიც ყველა სპორტული ტიტულის მფლობელები არიან. პარიზში, დელეგაციის მედროშეები უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იქნებიან.

პარიზში გამგზავრებამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაკრები გაამხნევა და ქართული სპორტის ტრადიციებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ იმ ჯილდოებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს გადასცემს.

საქართველოს გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადეს და წარმატება უსურვეს დღეს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისი მერმა.

ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. 28 სპორტსმენი, 10 სახეობაში, საქართველოს სახელით გამოვა. პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობას 206 ქვეყნის 10 000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს.

ჯამში, 32 სახეობაში, 329 ოქროს მედალი გათამაშდება. ერთადერთი დებიუტანტი სპორტის სახეობა ბრეიქდანსი იქნება. სიახლეა გახსნის ცერემონიაზეც. პირველად, ღონისძიება ოლიმპიურ სტადიონზე არ გაიმართება. სანაცვლოდ, სპორტსმენები მდინარე სენაზე ნავებით ჩამოივლიან, რასაც თვალს 300 000-მდე ადამიანი მიადევნებს.

დღის ამბები